მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლობის მაძიებლობის სახელმწიფო პროგრამის 2011-2012 ხელშეწყობის მიზნით აცხადებს მენტორთა კონკურსს.
2011-2012 სასწავლო წელს მასწავლებლობის მაძიებლობის სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება თბილისის, რუსთავის, გორის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ფოთისა და ბათუმის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ისტორიის, ინგლისური ენის, გერმანული ენის, ფრანგული ენის, რუსული ენის, დაწყებითი საფეხურისა და სამოქალაქო განათლების სერტიფიცირებულ პედაგოგებს, რომლებსაც გააჩნიათ პედაგოგად მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება და ასწავლიან საჯარო ან კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
სამუშაოს აღწერა და ფუნქციები:
მენტორი:
- ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს მასწავლებლობის მაძიებლის პედაგოგიურ საქმიანობას ერთწლიანი მაძიებლობის პერიოდის განმავლობაში.
- მენტორი ხელმძღვანელობს არაუმეტეს 4 მაძიებელს.
- მაძიებლობის პერიოდის დასაწყისში წარუდგენს მაძიებელს სკოლის ხელმძღვანელობას და მასწავლებლებს.
- განსაზღვრავს მაძიებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს და მაძიებელთან თანამშრომლობით ქმნის მასწავლებლობის მაძიებლის ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც აღწერს მაძიებლობის პერიოდის გავლის ეტაპებს, მაძიებლისა და მენტორის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალს, შესრულების პერიოდულობასა და მაძიებლობის პერიოდის გავლის შედეგად მისაღწევ შედეგებს.
- ატარებს თემატურ და მიზნობრივ კონსულტაციებს მაძიებელთან, უზიარებს მას პროფესიულ გამოცდილებას და აძლევს სათანადო რჩევებს მაძიებლის საჭიროებებიდან გამომდინარე.
- ხელმძღვანელობს მაძიებლის მიერ საგაკვეთილო, სააღმზრდელო და დამატებით ინდივიდუალურ მუშაობას.
- ხელს უწყობს მაძიებელს პროფესიული საქმიანობის წარმართვაში, მოტივაციის ამაღლებასა და სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
- მონაწილეობს მენტორთა ტრენინგებსა და ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვებსა და კვლევებში, აგრეთვე თანამშრომლობს ცენტრის წარმომადგენელთან მაძიებლობის პერიოდის მონიტორინგის განმავლობაში.
- პერიოდულად წარუდგენს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მაძიებლის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.
- მონაწილეობს მაძიებლის მიერ სადემონსტრაციო გაკვეთილისა და მაძიებლის პორტფოლიოს მომზადებაში.
- ესწრება და მაძიებელთან ერთად აანალიზებს სადემონსტრაციო გაკვეთილს.
- აფასებს მაძიებლის საქმიანობას ყოველ სემესტრსა და სასწავლო წლის ბოლოს.
- ქმნის მენტორის პორტფოლიოს და ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.
- იცავს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ "მასწავლებლობის მაძიებლად რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი" :
კონკურსის ჩატარების ფორმატი:
პირველი ეტაპი:
განაცხადების (იხ. მენტორობის კანდიდატის განაცხადი) მიღება და მენტორობის კანდიდატთა შერჩევა კონკურსის მეორე ეტაპისთვის.
პირველ ეტაპზე გასულ მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ შეარჩიონ სასურველი თემა/საკითხი სასწავლო გეგმიდან და მოამზადონ გაკვეთილის გეგმა კონკურსის მეორე ეტაპისთვის (იხ. გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა).
მეორე ეტაპი:
გაკვეთილის გეგმის პრეზენტაცია მენტორობის კანდიდატთა მიერ. პრეზენტაციის დრო-5 -7 წთ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, წარმოადგინოთ მენტორობის კანდიდატის განაცხადი ელ. ფოსტის მისამართზე: emamatsashvili@gmail.com არაუგვიანეს 2011 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით.
წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება და წარმოადგინოთ განაცხადის ბოლო გვერდის დასკანერებული ვერსია.
კონკურსის მეორე ეტაპზე გასულმა კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ გაკვეთილის გეგმის ელ. ვერსია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ენის მასწავლებლებმა სასწავლო გეგმა უნდა წარმოადგინონ შესაბამის უცხო ენაზე.